აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ნანა შეროზია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, განცხადების ტექსტს, რომელიც მან „Front News”-ს მიაწოდა უცვლელად გთავაზობთ.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიუხედავად არაერთი როგორც წერილიბითი, ასევე ზეპირი თხოვნისა, აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მაღალ პროფესიონალურ დონეზე დამუშავების მიზნით, შექმნილიყო სპეციალური სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ჯიუტად, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე არიდებს თავს, და უფრო მეტიც საერთოდ არარად მიაჩნიათ, ის გარემოება რასაც ერთ პიროვნებაზე კონსტიტუციის მორგება ქვია.
უზომოდ დამცირებული და შეშფოთებული  ვარ იმ სამართლებრივი ნიჰილიზმით, რაც აფხაზეთის წარმომადგენლობით ორგანოში სუფევს. გული მწყდება, რომ აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის აზრს არავინ იზიარებს და არანაირად არ სრულდება უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა „სამიდღემშიო“ უფლებამოსილების საკუთარი მიზნებისა და პირადი ამოცანების განხორციელების ხელშეშლა.
მინდა გულწრფელად მოვუხადო ბოდიში, და მადლობა ვუთხრა სრულიად აფხაზეთის იძულებით ადგილნაცვალ პირებს ასეთი ღირსეული მოთმინებისათვის, რასაც იჩენს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებაში არსებული სამართლებრივი პრობლემატიკის გამო. არ შეიძლება ცილი დასწამო და დაუსაბუთებელი ბრალი დასდო მთარობის წევრებს, მაშინ როდესაც არაერთი უხეში დარღვევა იქნა გამოვლენილი წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში. აღნიშნულ საქმეზე მიცემული იქნა შესაბამისი მსვლელობა. აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემატიკა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ხელისუფლების ამ ორი შტოსათვის და არა საზოგადოებაში ისეთი რწმენის შექმნა, რომ მთავრობის წევრები მონსტრები არიან და მიაწოდო საზოგადოებას მათი საქმიანობის გაუკუღმართებული სურათი. თითონ კი მიუხედავად იმისა დაიცავენ თუ არა დევნილთა ინტერესებს, საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად არც პოლიტიკურად და არც სამართლერივად არ აგებენ პასუხს „აფხაზეთში დაბრუნებამდე“. ალბათ დამეთანხმება საზოგადოება თუ განვაცხადებ, რომ ჩვენ, აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ საზოგადოებას კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა დღეს ჰაერივით გვჭირდება.
უზომოდ მიყვარს და მტკივა აფხაზეთი. შორიდან ვეფერები მის ნაიარევ მიწას. ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე ვინც შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას. ჩემი უღრმესი პატივისცემა არ სრულდება მხოლოდ სამხედროებზე, ამ ბრძოლებში ჩვენს გმირ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას იღებდა და დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც ასევე ზვარაკად შეეწირნენ საქართველოსა და ჩვენს მომავალს. ქედს ვიხრი და ვუხდი მადლობას იმ გმირებს, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ და იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
სწორედ გამომდინარე ჩვენი ტკივილიდან, როდესაც მოქალაქეობრივი ვალი გვაქვს მოსახდელი დაღუპულთა სისხლის წინაშე, კონსტიტუციური ტერიტორიების შენარჩუნების ფიცი გვაქვს მიცემული მათი ხსოვნისადმი, სწორედ ამის გამო, სრულიად აფხაზეთი ვალდებულია დადგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი კანონის „აფხაზეთის კონსტიტუციის“ სადარაჯოზე.
აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალი პირები მრავლდებიან, თაობები იზრდება, მაგრამ არაერთი თაობა, რომელიც დაფრთიანდა არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ სარგებლობს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციით მინიჭებული პოლიტიკური უფლებებით. აფხაზეთის შეგნებული ნაწილი, ტრაგედიის შემდგომი მემკვიდრეების უმეტესი თუ უმცირესი ნაწილი სრულიად სამართლიანად ნდობას არ უცხადებს იმ ხალხს, რომლებიც 22 წელია აფხაზეთის დეპუტატები არიან და მათ მიერ ქმედითი ნაბიჯები აფხაზეთის მოსახლეობის დახმარებისა და თანადგომისაკენ არ გადადგმულა. თუ გადავხედავთ და შევისწავლით დგას თუ არა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ნეპოტიზმის პრობლემის წინაშე ნათელი სურათი დაიხატება მამა–შვილობის, დეიდაშვილობის, სიძე–სიმამრობისა და ნათელ მირონობის ხელმძღვანელ პოსტებზე მოღვაწეობისა, რაც რასაკვირველია მოტივირებულ, განათლებულ თაობებს ხელს უშლის დასაქმებასა და შემდგომ განვითარებაში. ჩვენდა სამწუხაროდ  ბატონმა გია გვაზავამ ყველა ჩვენს მიერ საჯაროდ გამოხატულ პრობლემატიკასა თუ პრეტენზიებზე ურცხვად გვიპასუხა „две минуты позора и не будут помнит». ნუთუ აფხაზეთის ტკივილისადმი ასეთი მიდგომა პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის მისაღებია. ხალხის ნდობის მანდატით მოსარგებლე ადამიანთა ნაწილს მიაჩნიათ, რომ ორი წუთით სირცხვილი მალევე დავიწყებას მიეცემა. არა ბატონებო, ეს ასე არ არის.
მახსოვს წავიკითხე აფხაზეთის ავოტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ჯემალ გამახარიას საგაზეთო პუბლიკაცია, სადაც აფხაზეთის მინისტრებს იგი „ამბოხებულ მინისტრებსა“ და „ნაციონალური მოძრაობის გადმონაშთებს“ გვიწოდებს. ალბათ საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება იმ ვიდეო რგოლის ხილვა სადაც ჯემალ გამახარია სამეგრელოში, სამეგრელოს მთავარ „ნაციონალს“ დიდ მადლობას სწირავს თანადგომისათვის, როგორც მეგობარს ისე ეხვევა და მადლიერების მიზნით გადასცემს საჩუქარს. „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.  აქვე არ დავიზარებ და დავწერ რომ სწორედ ერთი წლის წინ ზუსტად აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გამოუცხადა ნდობა მთავრობის დღეს არსებულ შემადგენლობას. მაშ რა მოხდა ეხლა? გთხოვთ, დამეხმაროთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში. მივმართავ საზოგადოებას ამომახსნევინოს ეს ურთულესი ამოცანა „ვინ ვინ არის და ვინ ვისია?“ ჩვენ ქართველები ვართ უპირველეს ყოვლისა და მტერი არ უნდა გავახაროთ ბატონო ჯემალ, ბატონებო უპასუხისმგებლო განცხადებებით.
გაურკვეველია ის გარემოებაც, რომ ბატონი გამახარია და სხვა დეპუტატები საჯაროდ გაიძახიან „ორ კვირაში დავამთავრებთ მინისტრებსო“.  ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ოთხშაბათის სესიაზე სავარაუდოდ კონსტიტუციაში განახორციელებს ცვლილებას, რის საფუძველზედაც გამოიცემა დადგენილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისათვის იმ უფლების მინიჭების შესახებ, რასაც ახალი მთავრობის ფორმირება ჰქვია. სწორედ მაშინ დაინიშნებიან ის პირები რომლთა შესახებაც საინფორმაციო სააგენტო „FRONT NEWS“-მა გაავრცელა. (ხალხი რომელიც გარეთ დგას და ელოდება პირობის შესრულებას?!!). არც მეტი არც ნაკლები ამ ცვლილებით ალბათ რამოდენიმე რესტორანი საზეიმო ვითარებაში დაიხურება. ეს ჩემი მოსაზრებაა და თავს ვაძლევ უფლებას აღნიშნულზე ხმამაღლა განვაცხადო და აფხაზეთის საზოგადოებას მოგცეთ საშუალება დააკვირდეთ მოვლენებს.
ამ მიზეზის და არა სხვა ქვენაგრძნობით, საჯაროდ ვითხოვდი არ დაშვებულიყო აფხაზეთის კონსტიტუციაში ერთ პიროვნებაზე მუხლებისა და მისი დებულებების მორგება, არამედ უნდა შექმნილიყო საკონსტიტუციო კომისია, პროფესიონალი კონსტიტუციონალისტებისა და საზოგადოების წევრების შემადგენლობით და აფხაზეთის ა/რ ძირითადი კანონი „საფრთხეში“ არ იქნებოდა. 
ჩემს აღშფოთებას არ ქონდა საზღვარი, როდესაც წავიკითხე უმაღლესი საბჭოს ერთ–ერთი პუბლიკაცია, და მთავრობის დანარჩენ წევრებთან შეთანხმებით დავამუშავე საპასუხო წერილი. მივმართე ა/რ მთავრობის აპარატს, მთავრობის ვებ–გვერდზე წერილის გამოქვეყნების თხოვნით. აღნიშნულზე აპარატის უფროსმა და საინფორმაციო–ტექნოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა კატეგორიული უარით გამოგვისტუმრეს ათივე მთავრობის წევრი. განგვიმარტეს, რომ ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ კატეგორიული უარი განაცხადა მითითებული წერილის გამოქვეყნებაზე. ვერ მიხვდა ვერც ერთი თანამდებობის პირი, რომ ამით მთავრობის წვრებს გამოხატვის თავისუფლებას საკუთარ ვებ–გვერდზე უზღუდავდნენ. დანარჩენზე დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია ბატონებო!!!
პირადად მე, ისევე როგორც ჩემს თაობას და შემდგომ თაობებს გვაქვს განცდა უსამართლობის. იქნებ ვინმემ მაინც მიპასუხოს კითხვაზე, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილია აფხაზეთის მოსახლლეობის 30 პროცენტი, ხოლო დანარჩენი მიმოფანტულნი ვართ სხვადასხვა სახელმწიფოებისა თუ საქართველოს დანარჩენ ნაწილში, მაშინ რა უშლის ხელს სახელმწიფოს საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით აღვადგინოთ პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები. ტერიტორიის გარეშე ხომ არც ხელისუფლების არსებობა არის შესაძლებელი. მაგრამ აფხაზეთის ა/რ ლეგიტიმური ხელისუფლების მოქმედება ქვეყნის როგორც პოლიტიკური,  კონსტიტუციური აუცილებლობაა. მოგმართავთ როგორც რიგითი დვნილი, შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც სათუთად დახვეწავს და ჩამოაყალიბებს აფხაზეთის უზენაეს კანონს, რაც გაამყარებს ჩვენი რეალური არსებობის აუცილებლობას. ნუ გავახარებთ მომხვდურს და ნუ შევურაცხყოფთ დაღუპულთა ხსოვნას. მივყვეთ აფხაზეთის მოსახლეობის  გულისფეთქვას და დღეს არსებული პოლიტიკური ნების შესაბამისად დაუღალავად, თავდაუზოგავად ვიშრომოთ და თითოეულმა ჩვენგანმა, წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნისა და კუთხის, მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
აღნიშნული წერილით კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და ზოგიერთ დეპუტატს, რომ პირადად მე, ნანა შეროზიას, აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის მინისტრს თანამდებობა საკუთარი მიზნებისათვის არ მჭირდება და არანაირად არ ვებღაუჭები „სკამს“. ადამიანმა უნდა დაიჩოქოს მხოლოდ უფლის წინაშე ბატონო ელგუჯა, და არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ საკუთარი ღირსების სანაცვლოდ შენარჩუნო იგი!!!
აფხაზეთის მოსახლეობას მივმართავ თხოვნით, მე მზადა ვარ გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენისთანავე და თქვენთან ერთად დავდგე კანონისა და ღირსების სადარაჯოზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ზვარაკად შეწირულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

გადათარგმნეთ ბლოგი//translate blog