აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ნანა შეროზია პრემიერს და პრეზიდენტს მიმართავს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოსა და აფხაზეთის კანონების შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს.
„ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დღეს ოფიციალურად დაამტკიცებენ. ყოლბაია რამდენიმე თვეა, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, თუმცა პრეზიდენტს მისი კანდიდატურა ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. ამის გამო აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოსგან ნორმატიული აქტის შეცვლა და იმგვარად ჩამოყალიბება მოითხოვა, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად, უმაღლესი საბჭო ამტკიცებდეს. ახალი კანონის თანახმად, თავმჯდომარე ვალდებულია, მთავრობა დაითხოვოს და 7 დღეში უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინოს”, - ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „FRONT NEWS”-ი.
იმავე სააგენტოს მიერ, მალევე იქნა გავრცელებული შემდეგი ინფორმაცია: „ამ დღეებში გავივლი კონსულტაციას უმაღლეს საბჭოსთან, შესაბამის კომისიებთან, ფრაქციებთან და შეჯერებული კანდიდატურების მიხედვით ერთი კვირის ვადაში წარვდგები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე. რათქმა უნდა, მთავრობის გარკვეული მონახაზი მაქვს, თუმცა მასზე საუბარი ახლა არაკორექტული იქნება“ – განაცხადა ყოლბაიამ. მისივე თქმით, „თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი ფორმალურია და ის იმ ფუნქციებს ასრულებს, რაც თავმჯდომარეს კონსტიტუციით აკისრია“. „ჩემი თავმჯდომარედ დანიშნვა მხოლოდ ფორმალობაა და პრაქტიკულად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ესეც მოიხსნება“ – დასძინა ყოლბაიამ.
ფორმალური მოვალეობის შემსრულებელი კონსტიტუციურად რა უფლებამოსილებებით შეიძლება სარგებლობდეს.
2013 წლის 20 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ განახორციელა ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში. კერძოდ, პირველი მუხლის თანახმად ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ (,,აფხაზეთის ხმა“, №27, 06.07.2001წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და 112 პრიმა მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3-5 პუნქტები:
,,3. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაანთავისუფლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
4. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით წარადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.
5. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.“
აღნიშნულ ცვლილებას დიახ, წინ უსწრებდა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება, კერძოდ 20 პრიმა მუხლის დამატება, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნა ბოროტად გამოყენებული იმ მიზნებისა და ამოცანების საწინააღმდეგოდ რა მიზანსაც საქართველოს პარლამენტის ნება ემსახურებოდა.
კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტუტუცია არ იცნობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ინსტიტუტს. ზემოთმითითებული ცვლილება კი იძლევა შესაძლებლობას უკვე მესამედ დააკანონოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ერთი და იგივე კანდიდატი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტტიტუცია საჭიროებს ძირეულ სათუთ შესწავლასა და დამუშავებას. აფხაზეთის კონსტუტუციის დებულებები ვერ მოდის საქართველოს კონსტუტუციასა და საქართველოს ორგანულ კანონებთან შესაბამისობაში. მიუხედავად ამისა უმაღლესი საბჭო მხოლოდ იმ ცვლილებას ახორციელებს, რასაც ერთეული დეპუტატებისათვის მოაქვს თანამდებობრივი სარგებელი საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
აქვე წარმოგიდგენთ აფხაზეთის კონსტიტუციის 112 პრიმა მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს:
„1. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
2. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.“ მინდა განვმარტო, რომ მუხლის ფორმულირებაში მთავრობის დანიშვნის კონსტიტუციური წესი უცვლელია და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, ანუ პრეზიდენტის თანხმობის აუცილებელ პროცედურას კონსტიტუცია ისევ ითვალისწინებს, მის დანიშვნამდე უშვებს შესაძლებლობას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაანთავისუფლოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
დავაკვირდეთ იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტის თანხმობით სრული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ენიჭება მთავრობის თავმჯდომარეს და იგი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
აღნიშნული უფლების მისაკუთრების მიზნით აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კანონის დარღვევით შეითავსა პრეზიდენტის უფლებამოსილება და მე-5 პუნქტის თანახმად მოვალეობის შემსრულებელს ანიჭებს მთავრობის თავმჯდომარისათვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას“.
ცვლილების მე-5 პუნქტი ამეტებს ყველა მოლოდინს და ასე განვმარტავდი: მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტის შემოღების ნაცვლად, ცვლილება 112 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტში უნდა განეხორციელებინა უმაღლეს საბჭოს და უფრო მარტივადაც გამოვიდოდნენ და მომკითხავიც არავინ იყო. ანუ პირდაპირ კომპეტენციად განესაზღვრათ და პირდაპირ კენჭისყრით დაენიშნათ მთავრობის თავმჯდომარე.
მაგრამ, სწორედ მოვალეობის შემსრულებლის ტერმინის ფორმულირებიდან გამომდინარე, უმაღლესმა საბჭომ ვერ განახორციელა ჩემს მიერ მითითებული ცვლილება, რადგან ამით კნინდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის მონაწილეობა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისას. სრული უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც სწორედ მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურებით დანიშნულ მთავრობის თავმჯდომარე განახორციელებს, და მხოლოდ იგი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარეს და არა მოვალეობის შემსრულებელს ენიჭება განახორციელოს კონსტიტუციითა და კანონებით გაწერილი მასზე დაკისრებული ყველა კონსტიტუციური უფლებამოსილებები. სწორედ გამომდინარე ამ გარემოებებიდან ბატონი ვახტანგ ყოლბაია თავს ფორმალურად დანიშნულს უწოდებს და დროებით ევაკუირებული სტატუსის მქონე აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას დროებით მთავრობას წარუდგენს. დროებითი ხელისუფლების დროებითი მთავრობა.???
ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს კანონმდებლებს სიჩქარეში გამოეპარათ აფხაზეთის კონსტიტუციაში არსებული არაერთი მუხლი, სადაც ასეთივე წარმატებით უნდა განხორციელებულიყო ცვლილება. კერძოდ, აფხაზეთის კონსტიტუციის მუხლი 93-ის თანახმად:
„1. აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.
2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამგებლობას განეკუთვნება: აფხაზეთის კონსტიტუციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა, აფხაზეთის კანონის მიღება, აფხაზეთის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცება, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა და გათავისუფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით. (აფხ.საკან. მაცნე #4, მუხლი 8, 2004 წლის 30 ნოემბერი)
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოლღა ნაგარნინას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იქნა გადმოკვეთილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით. საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, რომელიც უპირველესად ვალდებულია განუხრელად დაიცვას საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიკური რესპუბლიკის კონსტიტუციები, და კანონები სახელმწიფოსაგან ფარულად, მისი სამართლებრივი ნების საწინააღმდეგოდ, წინასწარი განზრახვით ეუფლება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობასა და პასპორტს, და მიუხედავად აღნიშნულისა როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. გადამწყვეტ ხმას აძლევს ისეთ ცვლილებას, რომელიც უქმნის საფრთხეს აფხაზეთის კონსტიტუციას.
რატომ მიეცა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცდომების დაშვებით ასეთი სასწრაფო და დაუყონებლივი რეაგირება მითითებულ კონსტიტუციურ ცვლილებას??? საქართველოს კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტუტუცია, ეს ხომ ის პოლიტიკური დოკუმენტებია, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმურობას ადასტურებს. ჩემი როგორც დევნილის მოთხოვნა იყო და უცვლელი რჩება: ნუ დაჭრით და დაჩეხავთ აფხაზეთის კონსტიტუციას, ის ხომ დაჭრილი აფხაზეთის ლეგიტიმურობას ადასტურებს საერთაშორისო ასპარეზზე. ამ წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როდესაც უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია იქნა გაცნობილი ყველა სახერლმწიფო სტრუქტურისათვის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, ზუსტად ამ პერიოში აცხადებს, “ეს აფხაზეთს არ გვეხებაო”. აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს ცალკეული დეპუტატები ფიქრობენ, რომ, საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან დამოუკიდებლად არსებობენ, რაც საგანგაშოა. თუ დააკვირდებით დროებითი მთავრობის შემადგენლობას, ნახავთ, თუ რატომ ხდებოდა ასე ისტერიულად კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება. დეპუტატ დავით გვაძაბიას საკუთარი შვილი დავით გვაძაბია უნდა გაემწესებინა მინისტრის პოსტზე!!!
მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, ყველა უფლებამოსილ პირს ვინც საქართველოს მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულია საქართველოში კანონის უზენაესობის პრინციპის უზრუნველყოფაზე, ასევე მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონსტიტუციონალისტებს, დაუყონებლივ იქნეს ყურადღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოსა და აფხაზეთის კანონების შეურაცხყოფის ფაქტები და გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ იქნეს შესწავლილი ყველა გარემოება რამაც კანონის უგულებელყოფამდე მიიყვანა და დაეკისროს აფხაზეთის ავტონომიკური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ყველა განხორციელებულ უკანონობებზე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ასევე გთხოვთ, ჩემი ნანა შეროზიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატის უფროსად მოღვაწობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრად მოღვაწეობის პერიოდი შესწავლილ იქნეს საგულდაგულოდ უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რადგან ჩემს მიმართ გავრცელებული ეჭვი, რომლითაც შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, და რომლითაც ავტორი გია მხეიძე გასცდა სიტყვის თავისუფლების ფარგლებს, იქნეს აღმოფხვრილი და მომეცეს შესაძლებლობა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მივმართო სასამართლო ხელისუფლებას.
2013 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის 20 წლისთავია. უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთხელ, ჩვეული წარმატებით შეძლო ამ ავადსახსენებელი უდიდესი ტკივილის მატარებელი თარიღისათვის გაეხლიჩა აფხაზეთის მოსახლეობა და ნატყვიარ, ნაიარევ სოხუმსა და სრულიად აფხაზეთს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის იგნორირებითა და შეურაცხყოფით ხვდება“, - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ნანა შეროზიას მიმართვაში.